English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ დავით როინიშვილი
განათლების სისტემით გამოწვეული საბაზრო ჩავარდნა: საქართველოსა და რუსეთის შრომის ბაზრები

ანოტაცია. კვლევა შეისწავლის ჩავარდნას საქართველოს შრომის ბაზარზე, რომელიც გამოწვეულია ჩავარდნით განათლების სისტემაში. ასევე აანალიზებს რუსეთის შრომის ბაზარს, ახდენს აღნიშნული ორი ქვეყნის შრომის ბაზრების ერთმანეთთან შედარებას.

სტატია შეისწავლის მიზეზს, რის გამოც საქართველო ვერ ახერხებს ეკონომიკის სწრაფად განვითარებას და ცხოვრების დონის თაობიდან თაობამდე გაუმჯობესებას, მაშინ როდესაც ამ ამოცანას წარმატებით უმკლავდებიან განვითარებული ქვეყნები. ამ პრობლემის ერთ ერთი მიზეზი შეიძლება ვეძიოთ ქვეყნის შრომის ბაზრებში, კერძოდ, განთლების სიტემის ჩავარდნებში, რომელსაც მიჰყავს შრომის ბაზარი არაეფექტიან წონასწორობამდე და ხელს უშლის არასასურველი წონასწორობის დარღვევას. შედეგები გადამოწმებულია რუსეთის შრომის ბაზარზე.

საქართველოს რეალობის ანალიზისათვის კვლევა იყენებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს. რუსეთის შრომის ბაზრის შესწავლა Russia Longitudinal Monitoring survey, RLMS-HSE - ის მონაცემების გამოყენებით მოხდა. კვლევა იყენებს იაკობ მინსერის ლოგარითმულ რეგრესიას.

სტატიაში წარმოდგენილია აღნიშნული კვლევის შედეგების ანალიზი და დასკვნა. შემოთავაზებულია რჩევები და რეკომენდაციები საქართველოს განათლების სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესების მიმართულებით.

საკვანძო სიტყვები:  განათლების სისტემა, საბაზრო ჩავარდნა, საქართველოს შრომის ბაზარი, რუსეთის შრომის ბაზარი.

შესავალი

განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობა უკვე დიდი ხანია აკვირდება განვითარებული ქვეყნების სწრაფად მზარდ ეკონომიკას, მოსახლეობის მაღალი ცხოვრების დონეს, მაშინ, როდესაც რიგ განვითარებად ქვეყნებში ეს მაჩვენებელი თაობიდან თაობამდე შეუმჩნევლად თუ იცვლება. რატომ ვერ ახერხებს ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად, ისეთი, როგორიც საქართველოა, ეკონომიკის სწრაფად განვითარებას, ცხოვრების დონის თაობიდან თაობამდე გაუმჯობესებას და რატომ უმკლავდებიან ამ ამოცანას განვითარებული ქვეყნები? ამის ერთ- ერთი მიზეზი შეიძლება ვეძიოთ ქვეყნების შრომის ბაზრებში, კერძოდ, საბაზრო ჩავარდნებში, რომელსაც მიჰყავს შრომის ბაზარი არაეფექტიან წონასწორობამდე და ხელს უშლის არასასურველი წონასწორობის დარღვევას. მიიჩნევა, რომ განათლებას ცენტრალური როლი უკავია შრომის ბაზარზე. შესაბამისად, განათლების სისტემაში ჩავარდნა შესაძლოა პირდაპირ კონვერტირდებოდეს შრომის ბაზრის ჩავარდნაში. ქვეყნების ერთ-ერთი მიზანი არის გამართული და სწორად ფუნქციონირებადი განათლების სისტემების შექმნა, შრომის ბაზრისათვის მისი მნიშვნელობისა და საკმაოდ მაშტაბური გარეგანი ეფექტის გამო. გასაკვირი არაა, რომ განათლებული მოსახლეობა ნიშნავს უკეთეს, კომპეტენტურ ამომრჩეველს, ხასიათდება  კრიმინალის დაბალი  დონით, მაღალი განათლების მქონე მშრომელებს აქვთ  მაღალი ხელფასები ( შულცი, 1963) და ინარჩუნებენ დაბალ უმუშევრობის დონეს (მინსერი, 1990). ასევე, აწყობენ წარმატებულ კარიერას, ქმნიან ინოვაციებს და იკავებენ პრესტიჟულ თანამდებობებს, არიან უფრო წარმატებულები ქორწინების ბაზარზე, რაც წარმატებული საზოგადოების აუცილებელი პირობებია. ეს ნაშრომი მიზნად ისახავს  ქვეყნების ეკონომიკური ზრდისა და შრომის ბაზრების გამართული ფუნქციონირების ერთ-ერთი ფუნდამენტური სისტემის, განათლების სისტემის ფუნქციონირების შესწავლას, კერძოდ განათლებასა და ხელფასებს შორის კორელაციის დადგენას.

ბოუმანი განიხილავდა განათლებას, როგორც ინვესტიციას, რომელსაც უნდა ჰქონოდა ისეთი უკუგება მომავალში, რომ მოეხერხებინა მისი შეძენისათვის გაწეული დანახარჯების კომპენსირება (ბოუმანი, 1966). განათლების ერთ-ერთ გარეგან ეფექტად ის ასევე მიიჩნევდა იმას, რომ, თუ საზოგადოებაში განათლებული ადამიანების წილი მაღალი იქნებოდა, ეს გაზრდიდა საშუალო შემოსავალს ქვეყანაში. აღნიშნულით, თავის მხრივ, უფრო მეტი მოქალაქე იხეირებდა. განათლებასა და ხელფასებს შორის დადებითი კორელაცია დადასტურებულია მრავალი მკვლევარის მიერ. თუ კი ეს ყოველთვის ასეა, მაშინ ისეთ ქვეყნებში, მაგალითად, საქართველოში, სადაც სამუშაო ძალის დიდ ნაწილს აქვს უმაღლესი განათლება, მოსახლეობის შემოსავლები უნდა იზრდებოდეს განათლების შესაბამისად და ამასთან ერთად უნდა იზრდებოდეს ცხოვრების დონეც. მაგრამ, ემპირიულად,   საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში ხელფესების საშუალო დონე, ასევე, საერთო კეთილდღეობა მრავალი წლის განმავლობაში თითქმის უცვლელია. რეალობა ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, ეწინააღმდეგება თეორიას ადამიანისეული კაპიტალის შესახებ, რომელიც ჯერ კიდევ 1962 წელს ჰარი ბეკერის მიერ იყო ფორმულირებული და აჩენს ეჭვს, რომ განათლებაში ჩადებულ ინვესტიციებზე უკუგება შეიძლება იყოს უარყოფითი, საკმაოდ დაბალი, ან ხასიათდებოდეს კლებადი ტენტენცით. საქართველოს განათლების სისტემა სათავეს იღებს საბჭოთა კავშირის განათლების სისტემიდან, რაც, თავის მხრივ, საინტერესო ფაქტია, რადგან მრავალ სხვა ქვეყანას საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, მემკვიდრეობით ერგო ერთმანეთის მსგავსი განათლების სისტემები. აღნიშნული მსგავსების გამო ეს ნაშრომი, ასევე, შეისწავლის რუსეთის შრომის ბაზარს და გამოიკვლევს, არის თუ არა შესაძლებელი გარკვეული ფაქტორების ქვეშ შრომის ბაზარზე დამყარდეს ისეთი ფენომენი, როგორიცაა ხელფასებსა და განათლებაზე უკუგებას შორის უარყოფითი კორელაცია, თუნდაც ამ უკანასკნელზე ძალიან დაბალი ან კლებადი ტენდენცია. რუსეთის შრომის ბაზარი იქნება შესწავლილი  იმ რეალობაში, რომელშიც ის ამ მომენტში იმყოფება, კერძოდ, მრავალ სხვა ფაქტორებთან ერთად, მაღალი კორუფციის პირობებში. 

კვლევის  მეთოდოლოგია

ნაშრომში გამოყენებულია ანალიზის, ინდუქციის, შედარების და სხვა მეთოდი. დატესტილია ჰიპოთეზა, რომლის თანახმად სხვადასხვა ფაქტორის ქვეშ სხვადასხვა ქვეყნის შრომის ბაზარზე განათლებას შეიძლება ქონდეს ხელფასებზე უარყოფითი ან ძალიან დაბალი ეფექტის გავლენა. საქართველოს შრომის ბაზრის    შესწავლისათვის გამოყენებულია უმცირეს კვადრატთა მეთოდი (OLS), კერძოდ, მინსერის ლოგარითმული რეგრესია.

ანალიზს დავიწყებთ მონაცემებით, რომელიც აღებულია Geostat-იდან (www.Geostat.ge). ჩვენმა ქვეყანამ ბოლო წლებში გაიარა რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც აისახა განათლების სისტემაზე. ერთ-ერთი ასეთია საბჭოთა კავშირის დაშლა 1991  წელს. აუცილებელია 1991 -წლამდე და მის შემდეგ მიღებული განათლების ერთმანეთისაგან განცალკევება, ამისათვის კვლევაში იქნება გამოყენებული დამი ცვლადი. საბჭოთა კავშირში და მის შემდეგ მიღებული განათლების განსხვავების მიზნით აღებულია წლოვანების გარკვეული ზღვარი. 2004 წელს საქართველოში გატარდა რეფორმა და დაწესდა „ერთიანი ეროვნული გამოცდები“ რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა განათლების სისტემა. მეორე ქვეყანა, შრომის ბაზრის მსგავსი მახასიათებლებით არის რუსეთი, ნაშრომი ასევე შეისწავლის განათლებაზე უკუგებას რუსეთში, ამისათვის იყენებს Russia Longitudinal Monitoring survey, RLMS-HSE - ის მონაცემებს.

   კვლევაში დასმული კითხვების პასუხის გასაცემად  გამოყენებულია იაკობ მინსერის ლოგარითმული რეგრესია:

Ln[Yi(s, exp, X)]=β0+ β1Si + β1expi + β1expi2 + βiX     

ლოგ-წრფივი რეგრესიული მოდელით შეფასებულია დამოკიდებული ცვლადი - ხელფასების ლოგარითმი. დამოუკიდებელ ცვლადებია მიღებული განათლების წლები, გამოცდილება, გამოცდილება კვადრატში. 

კვლევის შედეგები

1. საქართველოს შრომის ბაზარი

საქართველოში სამუშაო ძალის დიდი ნაწილი არ იღებს არანაირ ხელფასს, კერძოდ, 2020 წლის მონაცემებით სამუშაო ძალა შეადგენდა დაახლოებით 1.55 მილიონი ადამიანს, რომელთაგან მხოლოდ 800 000 იღებდა რაიმე სახის ხელფასს, ხოლო დანარჩენი ითვლება თვითდასაქმებულად და დამოკიდებულია გამომუშავებულ შემოსავალზე, რომელიც არ არის ხელფასი (www.Geostat.ge), აღნიშნულის გამო ნაშრომში შევისწავლეთ როგორც ხელფასები, ისე სხვა წყაროდან მიღებული შემოსავლები ცალკ-ცალკე.

ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღებისას უმაღლესი განათლების მისაღებად სტუდენტებისათვის სავალდებულო გახდა მისი ჩაბარება, პროფესიული განათლების მისაღებად კი ამის საჭიროება არ იყო.  შესაბამისად,  განათლებაზე უკუგება უმაღლესი სასწავლებლის დიპლომისა და პროფესიული სასწავლებლის დიპლომის მქონე მშრომელებისათვის ცალ-ცალკეა დათვლილი.  2016 წლის შემდეგ საქართველოს განათლების სისტემას არ ჰქონია ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელსაც არსებითი გავლენა ექნებოდა საქართველოში განათლების უკუგებაზე. კვლევაში გაანალიზებულია 2003 წლიდან 2016 წლამდე პერიოდი.

დამოკიდებულ ცვლადად აღებულია ხელფასების ლოგარითმი, ხოლო დამოუკიდებელ ცვლადებად გვევლინება: პროფესიული განათლება (education2), უმაღლესი განათლება (education3), სქესი, ოჯახური მდგომარეობა, ეთნიკური/ რასობრივი თვისება, 7 წელზე ნაკლები ასაკის მქონე შვილების არსებობა ოჯახში (children), საბჭოთა კავშირში მიღებული განათლება (age). ცხრილიდან ვხედავთ რომ 2003  წელს პროფესიულ სასწავლებელში მიღებულ განათლებაზე უკუგება არის (-0.0917018), რომელიც სტატისტიკურად მნიშვნელოვანია (იხილეთ ცხრილი 1.1). ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ინდივიდები 2003  წელს სკოლის დამთავრების შემდეგ აირჩევდნენ პროფესიული განათლების მიღებას, მათი ხელფასი საშუალოდ 9%-ით შემცირდებოდა. ანუ 2003 წელს სკოლის დამთავრების შემთხვევაში თუ ადამიანი გეგმავდა პროფესიული განათლების მიღებას, უფრო გონივრული იქნებოდა ამ გადაწყვეტილებაზე უარის თქმა და სკოლის დამთავრების შემდგომ შრომის ბაზარზე პირდაპირ შესვლა. უმაღლესი განათლების კოეფიციენტმა  შეადგინა 0.0316, რაც ნიშნავს იმას, რომ უმაღლესი განათლების მქონე პირებისთვის ხელფასებისათვის უკუგება არის 3%. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სტუდენტები რომლებიც გადაწყვეტდნენ, უმაღლესი დიპლომის აღებას,  მიიღებდნენ  საშუალოდ 3%-ით მეტ ხელფასს იმათთან შედარებით, ვინც სკოლის დამთავრების შემდეგ დამატებითი განათლების გარეშე მიიღებდა. მაგრამ ეს კოეფიციენტი არ არის სტატისტიკურად მნიშნველოვანი და არ გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ უმაღლესი განათლების დიპლომს ქონდა რაიმე შედეგი ხელფასებზე.  2005 დან 2009 წლამდე საინტერესო ტენდენცია იკვეთება როგორც შემოსავლების, ისე ხელფასების ცვლილებაში განათლებასთან მიმართებით. 

 

დიაგრამა 1.  განათლებაზე უკუგება საქართველოს შრომის ბაზარზე 

ანალიზმა გვიჩვენა, რომ  2003–2008 წლებში  პროფესიული განათლების კოეფიციენტი არის უარყოფი და ძირითადად არ არის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი. შესაბამისად, არ გვაქვს მიზეზი ვივარაუდოთ, რომ 2003–2008 წლებში ამ ტიპის განათლებას ქონდა დადებითი უკუგება, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ადამიანი სკოლის დამთავრების შემდეგ აღნიშნულ პერიოდში გადაწყვეტდა პროფესიული განათლების მიღებას, ეს შესაძლოა მისთვის უფრო ცუდი ყოფილიყო. როგორც ვხედავთ, მხოლოდ 2009 წელს პროფესიული განათლების კოეფიციენტი ხდება დადებითი და სტატისტიკურად მნიშვნელოვანი, ანუ 2009 წელს ამ დიპლომის მქონე დასაქმებულ მშრომელებს ხელფასი საშუალოდ 5%-ით უფრო მაღალი ქონდათ, ვიდრე მათ, ვინც მხოლოდ სკოლის განათლებით იყო დასაქმებული.

უმაღლესი განათლების უკუგება, როგორც აღინიშნა, 2003 წელს მხოლოდ 3%-ს შეადგენდა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დაბალია, აშშ-ში იგივე კოეფიციენტი 75%-ს უდრის (www.usatoday.com). ანუ, ინდივიდებს, რომლებიც უმაღლესის დასრულებას გადაწყვეტდნენ, ხელფასები საშუალოდ მხოლოდ 3%-ით მოემატებოდათ, სკოლის განათლებით დასაქმებულებთან შედარებით. შემდგომ წლებში ეს მაჩვენებელი იზრდება, კერძოდ 2004 წელს ეს მაჩვენებელი 11%-ს შეადგენდა, რაც საკმაოდ დაბალია.  თუმცა, 2005 წელს საბაკალავრო განათლებაზე უკუგება რატომღაც გაორმაგდა, გაიზარდა ორზე მეტჯერ და 24% შეადგინა. ამის შემდეგ 2005 დან 2008 წლებში ეს რიცხვი მერყეობდა საშუალოდ 33%-ის ფარგლებში და შემდგომი მკვეთრი ზრდა 2009 წელს დაფიქსირდა, როდესაც საბაკალავრო განათლებაზე უკუგება დაახლოებით 13%-ით გაიზარდა და 48% შეადგინა. 2009–2010 წლის შემდეგ ზრდის ტენდენცია წყდება და სკოლის შემდეგ მიღებული ბაკალავრის განათლებაზე უკუგება 2016 წლამდე მერყეობს დაახლოებით 39–42%-ის ფარგლებში.  ეს მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით დაბალია.

2016 წელს პროფესიულ განათლებაზე უკუგება 6%-ს შეადგენდა და სტატისტიკურად მნიშვნელოვანია. ეს მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. საბაკალავრო განათლებაზე უკუგება კი 2016 წელს 38% იყო, რაც ასევე საკმაოდ დაბალია,  მაგრამ მაინც ადეკვატური მაჩვენებლის საზღვრებში რჩება (იხილეთ ცხრილი 1.1, ცხრილი 1.2).  

საბჭოთა კავშირში მიღებული განათლების კოეფიციენტი  ახლოსაა ნულთან, რაც ნიშნავს იმას, რომ 1991 წლამდე მიღებული განათლება დღესაც რელევანტურია. გვაქვს საფუძველი დავუშვათ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლით გამოწვეულ ცვლილებებს საქართველოს განათლება - ხელფასების დამოკიდებულებაზე საგრძნობი შედეგი არ მოუხდებია. დაახლოებით იგივე დამოკიდებულება ნარჩუნდება შემოსავლებისა და განათლების დამოკიდებულების შესწავლის დროს. 

ცხრილი 1.1 - პროფესიულ განათლებაზე უკუგება საქართველოს შრობის ბაზარზე

Year

lnWage

2003

-0.092***

2004

-0.041

  2005

-0.037

2006

-0.057*

2007

-0.045

 2008

0.015

2009

0.056**

2010

0.127***

2011

0.062*

2012

0.038

2013

0.113***

2014

0.071**

2015

0.094***

2016

0.060**

* p ≤ 0.05, ** p ≤ 0.01, *** p ≤ 0.001 

ცხრილი 1.2 - ბაკალავრის  განათლებაზე უკუგება საქართველოს შრობის ბაზარზე

Year

lnWage

2003

0.031

2004

0.113***

  2005

0.239***

2006

0.355***

2007

0.339***

 2008

0.376***

2009

0.483***

2010

0.537***

2011

0.487***

2012

0.391***

2013

0.431***

2014

0.394***

2015

0.388***

2016

0.376***

* p ≤ 0.05, ** p ≤ 0.01, *** p ≤ 0.001 

2. რუსეთის შრომის ბაზარი

რიგი მეცნიერების აზრით  საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პირველი ორი ათწლეულის განმავლობაში, ანუ გეგმიური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში, რუსეთში განათლებაზე უკუგება მკვეთრად გაიზარდა (ბრეინერდი 1998; კლარკი 2003; ვერნონი 2002; ახმედჯონოვი 2014).  ამ პერიოდში განთლების მიხედვით ხელფასებში განსხვავების ზრდამ (განსაკუთრებით საუნივერსიტეტო განათლების შემთხვევაში) გააძლიერა ანაზღაურების დისპერსია: უმაღლესი განათლების და ასევე მაღალი კვალიფიკაციის მქონე მშრომელების ხელფასები დაბალი განათლებისა (სკოლის) და კვალიფიკაციის მშრომელების ანაზღაურებაზე, როგორც აბსოლუტურ, ისე შედარებით სიდიდეებში მკვეთრად გაიზარდა (ფლეშერი, საბირიანოვა, და ვანგი 2005).

ამავე დროს მკვლევარების სხვა ჯგუფმა დაადგინა, რომ  ბაზრის გარდამავალი პერიოდის განმავლობაში, რუსეთის ფედერაციაში განთლებაზე უკუგების ზრდა არც თუ ისე მკვეთრი იყო და რჩებოდა მსოფლიოში ერთ ერთ ყველაზე დაბალ მაჩვენებლებს  შორის (ჩეიდვასერი და ბენიტეზ-სილვა 2007).

კვლევაში გამოყენებულია Russia Longitudinal Monitoring survey, RLMS-HSE - ის მონაცემები. RLMS აგროვებს ინფორმაციას მოსახლეობის შემოსავლებსა და ხარჯებზე, საგანმანათლებლო და პროფესიულ ქვევასა და  სხვა მრავალ ცვლადზე, რაც მათი სხვადასხვა საკითხის კვლევისათვის გამოყენების საშუალებას იძლევა.   მონაცემები გამოირჩევა სანდოობით და მრავალფეროვნებით.

კვლევა იყენებს 1994 – 2021 წლების მონაცემებს, იმ მონაცემებს, რაც ხელმისაწვდომია 2023 წლის 25 მაისის მდგომარეობით. დროის მითითებულ პერიოდს აკლია ორი, კერძოდ 1997 და 1999 წლების მონაცემები, რადგან აღნიშნული წლებისათვის მონაცემების შეგროვება ვერ მოხერხდა დაფინანსების პრობლემების გამო.

რუსეთის ფედერაციის შრომის ბაზარზე განათლებაზე უკუგება 1994–2021 წლებში მოცემულია დიაგრამაზე 1.

დიაგრამიდან ჩანს, რომ  საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთში განათლებაზე უკუგება 1994 წელს დაახლოებით 53%-ს აღწევდა, რასაც შემდგომ მოჰყვა მკვეთრი, დაახლოვებით 11% -იანი ვარდნა და 1996 წელს 41%  შეადგინა.  ამ მაჩვენებელმა პიკს 2002–2003 წლებში მიაღწია და 56% შეადგინა. 2003 წლიდან 2005  წლამდე იგი მერყეობას 56%-53%-ს  შორის. 2005  წლიდან იწყება რუსეთის შრომის ბაზარზე განათლებაზე უკუგების თითქმის შეუჩრებელები ვარდნა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე შემთხვევას, სადაც აღინიშნება მცირედი ზრდა. 2003–2021 წლების შუალედში განათლებაზე უკუგება რუსეთში თითქმის ორჯერ, 56%-დან 32% მდე შემცირდა. 2021 წლისათვის ამ მაჩვენებელმა, როგორც უკვე აღინიშნა, 32% შეადგინა.

 

დიაგრამა 2.  განათლებაზე უკუგება რუსეთის შრომის ბაზარზე

წყარო: აგებულია ავტორის მიერ Russia Longitudinal Monitoring survey, RLMS-HSE - ის მონაცემებზე დაყდრნობით 

დისკუსია

თანამედროვე რეალობაში ცხოვრების დონე განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის საგრძნობლად განსხვავდება.  ცნობილია, რომ განვითარებადი ქვეყნები ხასიათდებიან კრიმინალის მაღალი დონით, ჯანმრთელობის შენარჩუნების დაბალი შესაძლებლობებით, სიცოცხლის დაბალი ხანგრძლოვობით, განათლებისა და ცხოვრების დაბალი დონით და სხვა. ამ ყველაფრის ერთ-ერთ საზომად ეკონომისტები გამოიყენებენ ისეთ მაჩვენებელს, როგორიცაა მშპ მოსახლეობის ერთ სულზე, რომელმაც 2021 წელს რუსეთში 12 195, საქართველოში კი  5023 ამერიკული დოლარი შეადგინა. შედარებისათვის იმავე წელს შეერთებულ შტატებში იგივე მაჩვენებელი $ 70 250 , ნორვეგიაში $90 000, შვეიცარიაში $92 000 და მონაკოში კი $234 315-ია (worldbank.org). ამ მაჩვენებლით  შვეიცარია საქართველოზე თითქმის 20-ჯერ მდიდარია, მონაკო კი 47 ჯერ. ამჟამინდელი კეთილდღეობის ასეთი განსხვავების მიუხედავად, ყველა ქვეყანამ განვითარება თითქმის ერთი და იგივე დონიდან დაიწყო. მაშინ რატომ განსხვავდებიან ისინი სიმდიდრით და ასევე ცხოვრების დონით ერთმანეთისგან ასე საგრძნობლად?

ყველა ქვეყანა, რომელიც განვითარებას გადაწყვეტს, უნდა გაიაროს ერთი და იგივე გზა. საწყისისთვის ქვეყნის მშპ-ში აგრალურ სექტორს მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავს, მაგრამ თუ ქვეყანას განვითარება სურს, ის სასოფლო-სამეურნეო სფეროდან უნდა გადავიდეს წარმოებაზე, ხოლო წარმოებიდან მომსახურებაზე. ყველა განვითარებული ქვეყნის მშპ-ში მომსახურების სექტორს უდიდესი ნაწილი უჭირავს. მსოფლიო ბანკის მონაცემებით 2020 წლისათვის ამერიკის შეერთებული შტატების მშპ-ში მომსახურების სექტორის წილი 80%-ს შეადგენს, დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთში, საფრანგეთში ეს მაჩვენებელი 79% - ია, შვეიცარიაში, ესპანეთში მომსახურების სექტორის წილი მშპ-ში 74%-ია. რუსეთში  56%, ხოლო საქართველოში  59%  (Worldbank.org).

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მთავარ წყაროდ ხშირად სოფლის მეურნეობა სახელდება, რეალურად განვითარებული ქვეყნების მშპ-ში ამ დარგის წილი ძალიან დაბალია. 2020 წლისათვის გერმანიაში, შვეიცარიასა და დიდ ბრიტანეთში ეს მაჩვენებელი 0.7%-ს შეადგენდა, შეერთებულ შტატებში 0.9%-ს, ირლანდიაში, ავსტრიაში და დანიაში 1,3%, საფრანგეთში 1.7% - ს, რუსეთში  5% - ს. საქართველოში კი სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში თითქმის 9%-ია. (Worldbank.org). იმ ქვეყნების ეკონომიკა, სადაც მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილი 10%-ს აღემატება, ნაკლებად განვითარებულია. მაგალითად,  სომალში ეს მაჩვენებელია 60%, კენიაში - 35%, ნეპალში- 27%, უზბეკეთში-18% და ა.შ. (Worldbank.org). ერთი შეხედვით საქართველოში მდგომარეობა არც თუ ისე სავალალოა, ამ მონაცემებით საქართველო უნდა იყოს სწრაფად განვითარებადი ქვეყანა, მაგრამ ბოლო ოცი წლის მანძილზე საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა თითქმის ერთ ადგილზეა გაჩერებული.  რატომ არ უმჯობესდება ცხოვრების დონე თაობიდან თაობამდე? იგივე ლოგიკა შეიძლება განზოგადებული იქნას რუსეთის ფედერაციაზე. 

საქართველოს შრომის ბაზარი

მთლიან შიდა პროდუქტში აგრარული სექტორის 9%-იანი წილი ერთი შეხედვით არც თუ ისე ცუდ მაჩვენებლად შეიძლება ჩაითვალოს, თუ დამატებით მონაცემებს არ ვახსენებთ. ამჟამად საქართველოში სამუშაო ძალა დაახლოებით 1 550 000 ადამიანია, აქედან აგრარულ სექტორში  დასაქმებულია 650 000 -ზე მეტი ადამიანი, ანუ სამუშაო ძალის დაახლოებით 42% (Geostat.ge). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სექტორი, სადაც ქვეყნის მუშახელის 42% -ია დასაქმებული, ქვეყნის ეკონომიკის 8%-ს აწარმოებს. შედარებისათვის ისრაელის მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი ასევე 8%-ია, მაგრამ საქართველოსგან განსხვავებით ისრაელის აგრალურ სექტორში მთლიანი დასაქმების მხოლოდ 9%-ია დასაქმებული (statista.com). საქართველოში ეს რიცხვები უკვე მრავალი წელია თითქმის უცვლელია, რაც მწვავე პრობლემას წარმოადგენს. როგორც უკვე აღინიშნა, იმისათვის, რომ ქვეყანა განვითარდეს, მან უნდა მოახერხოს დასაქმებულების აგრარური სფეროდან წარმოების სექტორში გადაყვანა, რათა შემდგომ მოხდეს მშრომელების წარმოებასა და მომსახურების სფეროებს შორის გადანაწილება, ამ უკანასკნელზე ორიენტირით. საქართველოში უკვე ორ ათწლეულზე მეტია  ეს ვერ ხერხდება. აგრარულ სექტორში მომუშავე ინდივიდების წარმოებაში გადაყვანას საქართველოს შრომის ბაზარი ვერ ახერხებს, რადგან წარმოებაში დასაქმება მოითხოვს ისეთ საბაზისო უნარ-ჩვევებს,  როგორიც არის უცხო ენის ცოდნა, კომპიუტერის საბაზისო დონეზე მოხმარების შესაძლებლობა, დასაქმების პოზიციების გადანაწილება ადამიანების ნიჭის, ცოდნის და გონებრივი შესაძლებლობების მიხედვით ა.შ. საქართველოში სამუშაო ძალის  დიდ ნაწილი არ ფლობს ზემოთ ჩამოთვლილ უნარ-ჩვევებს, რაც ართულებს მათ დასაქმებას წარმოებისა და მომსახურების სფეროში. ამის მიზეზი კი არის ჩავარდნები განათლების სისტემაში, რადგან სწორედ განათლების სისტემის ფუნქციაა შრომის ბაზარზე ინდივიდის წარმატებული შესვლის უზრუნველყოფა.

 განათლების სისტემებში ჩავარდნის უკეთ გასაგებად მოცემულ  კვლევაში გამოვიყენებთ მაიკლ სპენსის მოდელს „შრომის ბაზარზე სიგნალის“ შესახებ, რომელიც მან 1973 წელს გამოაქვეყნებულ ნაშრომში წარმოადგინა. მოდელის იდეა მდგომარეობს შემდეგში: განათლების მრავალი მოდელი, რომელიც ტრადიციულ ბეკერისეულ  ადამიანისეული კაპიტალის თეორიაში განიხილება, დამყარებულია იდეაზე, რომ განათლება ზრდის დასაქმებულის მწარმოებლურობას და შესაბამისად ზრდის მათ ხელფასებსაც. სპენსი კი ყურადღებას ამახვილებს ისეთ ფაქტორზე, როგორიც არის განათლების სისტემის პასუხისმგებლობა სიგნალებზე (მ. სპენსი 1973).

დამსაქმებლებმა იციან, რომ შრომის ბაზარზე არსებობს სამუშაოს მაძიებელთა ორი ტიპი. ესენი არიან ნიჭიერი (მაღალი ტიპის მშრომელები) და ნაკლებად ნიჭიერი (დაბალი ტიპის მშრომელები) ადამიანები. ნიჭი განიხილება, როგორც ადამიანის თანდაყოლილი თვისება, რომელიც ბავშვს დაბადებისას უჩნდება. შემდგომი განათლების მიღება არ ცვლის ამ თანდაყოლილ ფაქტორს. შესაბამისად, დამსაქმებლებმა იციან, რომ შრომის ბაზარზე არსებობენ ნიჭიერი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ შეასრულონ საპასუხისმგებლო სამუშაო და შეიძლება იქნან დანიშნულები  მაღალ პოზიციებზე და ნაკლებად ნიჭიერი ინდივიდები, რომლებმაც უნდა შეასრულონ შავი სამუშაო. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ დამსაქმებელი ვერ ახერხებს  მასთან მისული აპლიკანტის ტიპის გარჩევას. როდესაც სამსახურის მაძიებელი მიდის გასაუბრებაზე, დამსაქმებელმა არ იცის და მოკლე ვადიან პერიოდში ვერც გაიგებს (ბევრი რესურსის დახარჯვის გარეშე) აპლიკანტი ნიჭიერია თუ ნაკლებად ნიჭიერი. იმ სანდო სიგნალის არსებობის შემთხვევაში, რომელიც ზუსტად და იაფად მიაწვდის ინფორმაციას დამსაქმებელს მისი თანამშრომლის ტიპის შესახებ, კომპანიებს აღარ მოუწევთ დიდი რესურსების ხარჯვა ამ მიზნის მისაღწევად. სწორედ მშრომელთა ამ ორი ტიპის ერთმანეთისაგან გარჩევის იდეას ემყარება მაიკლ სპენსის მოდელი, რომელიც მიხედვითაც, თუ განათლება თავის თავზე აიღებს პასუხისმგებლობას და იმოქმედებს, როგორც სანდო სიგნალი შრომის ბაზარზე, მაშინ ნიჭიერი მშრომელები დაამტკიცებენ, რომ ისინი არიან ნიჭიერები და დაინიშნებიან მაღალ თანამდებობებზე და ნაკლებად ნიჭიერი ადამიანები შეასრულებენ შავ სამუშაოს. მოდელის მოკლე აღწერა არის შემდეგი:

  1. შრომის ბაზარზე არის ორი ტიპი: ნიჭიერი და ნაკლებად ნიჭიერი ადამიანები და ეს დაბადებისთანავე განსაზღვრულია. მათ ამ სტატიაში მაღალი და დაბალი ტიპის მშრომელებად მოვიხსენიებთ;
  2. ნიჭიერი ადამიანების წილი არის S;
  3. ინდივიდებმა იციან თავისი ტიპი, მაგრამ დამსაქმებელს ეს ინფორმაცია არ აქვს;
  4. ნიჭიერი მშრომელები აწარმოებენ YH-ს, ხოლო ნაკლებად ნიჭიერიებიYL;
  5. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლიათ გადაწყვიტოს, მიიღოს თუ არა განათლება. განათლების მიღების ღირებულება ნიჭიერი ადამიანებისათვის არის CH, და CLნაკლებად ნიჭიერი ადამიანებისთვის;
  6. CL> CH; 
  7. გადაწყვეტილებას განათლების მიღების შესახებ აღვნიშნავთ e = 1.

აღნიშნულ მოდელში 6-ე დაშვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და კრიტიკული დაშვებაა, რომლის მიხედვითაც ნაკლებად ნიჭიერი ადამიანებისთვის განათლების მიღება უფრო ძვირია, ვიდრე ნიჭიერებისთვის. სიმარტივისათვის დავუშვათ, რომ განათლება პროდუქტიულობაზე გავლენას არ ახდენს, მაშინ შრომის ბაზარზე განხორციელდება მოვლენების შემდეგი ალგორითმი:

  1. ყველა ინდივიდი ინფორმირებულია თავისი ტიპის შესახებ;
  2. ყოველი მათგანი აირჩევს მიიღოს თუ არა განათლება, e = 0 ან e = 1;
  3. შრომის ბაზარზე მოთამაშე ნებისმიერი კომპანია ხედავს ყველა მშრომელის განათლების მიღების გადაწყვეტილებას, მაგრამ არა ნიჭს,  ამ თამაშში არსებობს ასიმეტრიული ინფორმაცია, მშრომელებმა იციან თავიანთი ტიპები, ხოლო დამსაქმებლებმა არა.

აღნიშნულ თამაშში ზოგადად შესაძლებელია დამყარდეს ორი ტიპის წონასწორობა ( ამ კვლევის თემისათვის არარელევანტურობის გამო მესამე ტიპის წონასწორობას არ განვიხილავთ)

  1. წონასწორობა, სადაც ნიჭიერი და ნაკლებად ნიჭიერი ადამიანები ირჩევენ განათლების განსხვავებულ დონეს. შედეგად მათ მიერ არჩეული განათლების მიხედვით დამსაქმებელი არჩევს, ვინ არის ნიჭიერი და ვინ ნაკლებად ნიჭიერი. ამ წონასწორობას ეწოდება განცალკევებული წონასწორობა  “Separating Equilibrium”;
  2. გაერთიანებული წონასწორობა “Pooling Equilibrium” , სადაც ორივე ტიპის ინდივიდები ირჩევენ განათლების ერთი და იგივე დონეს. 

1.1     განცალკევებული წონასწორობა “A Separating Equilibrium” ილუსტრირებს განათლების გადამწყვეტ მნიშვნელობას მაშინაც კი, თუ ის არ ზრდის პროდუქტიულობას. 

თუ გვაქვს                                     

YH – CH > YL > YH - CL                                                (1.1) 

(1.1) შესაძლებელია რადგან CH < CL. მაშინ ჩვენ გვაქვს წონასწორობა: ყველა ნიჭიერი ადამიანი გადაწყვეტს განათლების მიღებას (პირობითად ბაკალავრიატის დამთავრებას) და ყველა ნაკლებად ნიჭიერი ადამიანი გადაწყვეტს უარი თქვას განათლებაზე (პირობითად აღარ გააგრძელოს სწავლა ბაკალავრიატში). შესაბამისად ხელფასები განისაზღვრება განათლების პირობით:

w ( e=1) = YH და w (e=0) = YL 

ხელფასები დამოკიდებულია განათლების მიღების გადაწყვეტილებაზე და არაპირდაპირ ნიჭზე, რადგან დამსაქმებელი ნიჭს ვერ ხედავს. შევამოწმოთ, რომ ყველა მოთამაშე თავისთვის საუკეთესო პასუხს ირჩევს, ანუ არც ერთ მხარეს არ აქვს სტიმული წონასწორობიდან გადაუხვიოს. პირველად განვიხილოთ ფირმები. ადამიანების მიერ არჩეული სტრატეგიების მოცემულობით (ნიჭიერები ირჩევენ განათლების მიღებას და ნაკლებად ნიჭიერები ირჩევენ განათლებაზე უარის თქმას). ფირმებმა იციან, რომ თუ ადამიანი წარადგენს განათლების დამადასტურებელ საბუთს და თუ ის სანდოა (ანუ როცა განათლების სისტემა სწორად ფუნქციონირებს), მაშინ იგი ავტომატურად განიხილება, როგორც ნიჭიერი ადამიანი YH მწარმოებლურობით და შესაბამისად მიენიჭება მწარმოებლურობის შესაბამისი (მაღალი) ხელფასი. თუ მშრომელს არ აქვს განათლება მიღებული, მაშინ მისი მწარმოებლურობა იქნება YL და ფირმაც მიანიჭებს შესაბამის პოზიციას და მწარმოებლურობის დონის შესაბამის ხელფასს (დაბალს). ამით ისინი შეამცირებენ ხარჯებს, გაზრდიან თავიანთ მწარმოებლურობას და შედეგად გაზრდიან მოგებას, რაც არის ფირმის მთავარი მიზანი. ამიტომ არც ერთ ფირმას არ აქვს სტიმული, შეცვალოს ქცევა.

   რაც შეეხება ინდივიდების გადაწყვეტილებებს, თუ ნიჭიერი ადამიანი გადაწყვეტს გადაუხვიოს წონასწორობას და უარი თქვას განათლების მიღებაზე , მაშინ ის მიიღებს w (e = 0) = YL, რაც აშკარად არ არის მომგებიანი, რადგან, თუ არ გადაუხვევს და მიიღებს განათლებას, მას ექნება  w (e = 1) − CH = YH − CH > YL. რა მოხდება, თუ ნაკლებად ნიჭიერი ადამიანი გადაწყვეტს განათლების მიღებას, მაშინ კომპანიები დაასაქმებენ მას, როგორც ნიჭიერ ადამიანს და გადაუხდიან შესაბამის ხელფასს w (e = 1) = YH, მაგრამ (5.1)-დან ვიცით, რომ  YH - CL < YL, ანუ წონასწორობიდან ეს გადახვევა არ არის მომგებიანი.

   შედეგად მივიღეთ შემდეგი სურათი: თუ განათლების სისტემა ფუნქციონირებს სწორად, ანუ იცავს CL > CH  დაშვებას, რას იმას ნიშნავს, რომ ნაკლებად ნიჭიერი ადამიანებისთვის უნივერსიტეტის დამთავრება ბევრად უფრო რთულია (ძვირია) ვიდრე ნიჭიერებისათვის და საკუთარ თავზე იტვირთავს სანდო სიგნალის გამცემი ინსტიტუტის ფუნქციას, ანუ თუ უნივერსიტეტის დიპლომი დამსაქმებლისათვის იქნება სანდო სიგნალი, მაშინ ნიჭიერი ადამიანები დაამტკიცებენ, რომ ისინი არიან ნიჭიერები და დასაქმდებიან შესაბამის თანამდებობაზე შესაბამისი ანაზღაურებით. ნაკლებად ნიჭიერი ადამიანები კი თავისი ნებით უარს იტყვიან განათლების მიღებაზე და დასაქმდებიან შესაბამის პოზიციებზე.

   რა მოხდება თუ განათლების სისტემა ვერ გვევლინება  შრომის ბაზარზე სანდო სიგნალის წყაროდ? თუ უნივერსიტეტის დამთავრება ძალიან მარტივია და ამას ნებისმიერი მსურველი ახერხებს, მიუხედავად მისი ნიჭისა და სიჭკვიანისა. შედეგად კომპანიები აღარ ენდობიან უნივერსიტეტის დიპლომს. ამ შემთხვევაში ნიჭიერი ადამიანი შრომის ბაზარზე ვერ დაამტკიცებს თავის ნიჭიერებას. შესაბამისად, რადგან ფირმები ვეღარ არჩევენ აპლიკანტების ტიპს, ხელფასების სტრუქტურა იქნება შემდეგი 

w (e = 1) = (1 − S) YL + SYH და w (e = 0) = (1 − S) YL + SYH 

ანუ ფირმები მშრომელთა ორივე ტიპს ერთი და იგივე ხელფასს მიანიჭებენ, რადგან თუ ნიჭიერი ადამიანები ვერ დაამტკიცებენ, რომ ისინი არიან ნიჭიერები, განათლების მიღების სტიმული გაქრება და ფირმაც ხელფასებს განსაზღვრავს პროდუქტიულობის მათემატიკური ლოდინით, რომელიც უდრის (1 − S) YL+SYH.  ამ წონასწორობაში ნიჭიერ ადამიანებს ექნებათ იმაზე დაბალი ხელფასი, ვიდრე აიღებდნენ თავიანთი ტიპის დამტკიცების შემთხვევაში. ნაკლებად ნიჭიერი ადამიანიბი დამალავენ თავის ტიპს და ექნებათ იმაზე უფრო მაღალი ხელფასი, ვიდრე ექნებოდათ მათი ტიპი რომ ცნობილი ყოფილიყო. ეს წონასწორობა არ არის სასურველი ფირმებისათვის და ნიჭიერი მშრომელებისათვის, მაგრამ სასურველია ნაკლებად ნიჭიერი ადამიანებისათვის.

   როგორც აღვნიშნეთ, განათლების სისტემამ თავის თავზე უნდა აიღოს ორი ფუნქცია: მისცეს მსურველებს განათლების, ცოდნის მიღების შესაძლებლობა და მეორე, შრომის ბაზარზე შექმნას სანდო სიგნალი, რითაც მისცემს დამსაქმებლებს შესაძლებლობას, მშრომელების ტიპები განასხვაონ ერთმანეთისაგან (სპენსის სიგნალის მოდელის თანახმად). საქართველოს განათლების სისტემა შედის მსოფლიოს ყველაზე ცუდი განათლების სისტემის მქონე 25 ქვეყნის სიაში (Worldatlas.com). შესაბამისად,  განათლებისა და ცოდნის მიწოდების მხრივ ხარვეზები გასაკვირი არაა, მაგრამ, ამ ნაშრომში ძირითადად განხილულია შრომის ბაზარზე ჩავარდნა, რომელიც გამოწვეულია იმით, რომ განათლების სისტემა ვერ ართმევს თავს შრომის ბაზარზე სიგნალის ფუნქციას. ამის მიზეზი ისაა, რომ დღეისათვის საქართველოში განათლების მიღება საკმაოდ მარტივია, თითქმის ნებისმიერი უნივერსიტეტის დამთავრება არც ერთი ადამიანისათვის პრობლემას არ წარმოადგენს. ამის მიზეზი სტუდენტების შეფასებების ინფლაციაა.  როდესაც სტუდენტები იღებენ მიღებული ცოდნის და განათლების შეუსაბამო მაღან შეფასებებს, მაგალითად:  ნაცნობობით დაწერილი ,,ნიშნები“, გამოცდები, რომლებზეც გადაწერა არ კონტროლდება, შემთხვევები როდესაც ლექტორები იმ სტუდენტებს, რომლებიც ვერ ახერხებენ საგნებში მინიმუმ შეფასებების საზღვრის გადალახვა, უწერენ გამსვლელ ან საერთოდ უმაღლეს ქულებს და ა.შ. შედეგად უნივერსიტეტს ამთავრებს თითქმის ყველა მსურველი, საკმაოდ იდენტური GPA -ს მონაცემებით.

   ამ ნაშრომში მაიკლ სპენსის მოდელს ცოტათი შევცვლით. დავუშვათ, საქართველოს შრომის ბაზარზე არა ორი, არამედ სამი ტიპის სამსახურის მაძიებელია. ამ დაშვების საფუძველს გვაძლევს მრავალი წლის მანძილზე აგრარულ სფეროში ,,გაჭედილი“ სამუშაო ძალის 42%. ესენი არიან ადამიანები თანდაყოლილი ნიჭით და კვალიფიციური სამუშაოს შესრულების უნარით, შესაბამისად, მაღალი მწარმოებლურობით, მაღალი ტიპის მშრომელი, მეორე ეს არის  ნაკლებად ნიჭიერი, რომლებსაც შეუძლიათ რუტინული და შავი სამუშაოს შესრულება, დაბალი მწარმოებლურობით და მესამე ეს არის ძალიან დაბალი კვალიფიკაციის მქონე დასაქმებულები, რომლებიც არ ფლობენ საკმარის ინტელექტუალურ რესურსებს, რომ დაქირავებული იქნან დამსაქმებლის მიერ, ანუ ძალიან დაბალი ტიპის მშრომელები. ამ სამი ტიპის განსხვავება ერთმანეთსაგან განპირობებულია მათი დაბადებისას თანდაყოლილი ნიჭით და გონებრივი შესაძლებლობებით, სიმარტივისათვის დავუშვათ, რომ შემდგომ მიღებული განათლება მწარმოებლურობას არ ცვლის, რადგან საქართველოს განათლების სისტემა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შედის ტოპ 25 ქვეყანაში ყველაზე ცუდი განათლების სისტემით. დამსაქმებელმა იცის, რომ შრომის ბაზარზე სამი ტიპის მშრომელი არსებობს და მისი მთავარი მიზანია, ეს ტიპები ერთმანეთისგან განასხვაოს. დამქირავებელს რომ შეეძლოს მარტივად გაიგოს ინდივიდის ტიპი, მაშინ ნიჭიერ ადამიანებს დანიშნავდნენ შესაბამის პოზიციებზე, ნაკლებად ნიჭიერ მშრომელებს შესაბამის პოზიციებზე და გადაუხდიდნენ შესაბამის ანაზღაურებას. თუ დამსაქმებელი შეეკითხება აპლიკანტს მისი ტიპის შესახებ, ყველა აპლიკანტი გასცემს ერთი და იგივე პასუხს - ეტყვის რომ ის ნიჭიერია და იმსახურებს მაღალ პოზიციებს, რადგან მაღალი ანაზღაურების ქონა ყველას სურვილია. შედეგად ფირმები ირჩევენ ამ გადაწყვეტილებაში იმ სანდო სიგნალს დაეყრდნონ, რომელიც განათლების სისტემამ უნდა შექმნას. მაგრამ საქართველოს განთლების სისტემის მიერ შექმნილი სიგნალი სანდო არაა, რადგან ყველა მსურველი იღებს უმაღლესი განათლების დიპლომს. შესაბამისად, შრომის ბაზარი ვერ განასხვავებს ერთმანეთისაგან ადამიანების ტიპებს და ყალიბდება გაერთიანებული წონასწორობა “Pooling Equilibruim”,  სადაც ნიჭიერს, ნაკლებად ნიჭიერს  და არა ნიჭიერ ადამიანებს ექნებათ ერთნაირი ანაზღაურება. საქართველოში ეს ფაქტიურად ასეც ხდებოდა 2005 წლამდე. რადგან მიღებულ განათლებას მწარმოებლურობაზე გავლენა არ ქონდა და არც შრომის ბაზარზე სიგნალად ვარგოდა, იმ პერიოდში განათლების მიღება ფაქტიურად გამოუსადეგარი იყო. როგორც ვნახეთ 2003 წელს პროფესიული განათლების მიღება ხელფასებს საშუალოდ 9.2%-ით ამცირებდა. ხოლო უმაღლესი განათლებას ხელფასებზე საშუალოდ თითქმის არანაირი გავლენა არ ქონდა, 2003 წლის მონაცემებიდან ჩანს, რომ აღნიშნულ წელს უმაღლეს განათლებაზე უკუგება იყო სულ რაღაც 3%. 2004 წელს პროფესიული განათლება ხელფასების საშუალოდ 4%-იან კლებას იწვევდა. ხოლო უმაღლესი განათლება 10%-იან ზრდას, რაც რა თქმა უნდა ძალიან მცირეა. სიტუაცია  იცვლება 2005-წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველად ჩატარების შემდეგ, რომლის მიზანიც სტუდენტების ნიჭისა და ინტელექტუალური უნარ-ჩვევების შეფასება იყო. ამ გამოცდებზე  არ იყო კორუფცია, შეფასებების ინფლაცია და  ყველა აბიტურიენტი იღებდა თავისი ცოდნის შესაბამის ქულას. რადგან აღნიშნული გამოცდების მინიმუმი ბარიერის გადალახვა შედარებით მარტივია, ნიჭიერიც და ნაკლებად ნიჭიერი ადამიანები ამას მოახერხებენ, მაგრამ ვერ მოახერხებენ არა ნიჭიერი ადამიანები. დამსაქმებელს ჯერაც არ აინტერესებდათ აპლიკანტის მიერ მიღებული უმაღლესი განათლება, რადგან მას არანაირი აზრი არ ქონდა.

2005 წლიდან უნივერსიტეტში ჩასარიცხად სტუდენტს უნდა ჩაებარებინა ერთიანი ეროვნული გამოცდები, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტი შეიძლებოდა ყოფილიყო ნიჭიერი ან ნაკლებად ნიჭიერი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ იქნებოდა არანიჭიერი, რადგან არანიჭიერი ადამიანი ვერ გაივლიდა ეროვნულ გამოცდებს. 2005 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღებამ შრომის ბაზარზე გააჩინა დამსაქმებლებისათვის სანდო სიგნალი, რომ მასთან მოსულ აპლიკანტს ქონდა დიპლომი, ესე იგი ის იყო მინიმუმ ნაკლებად ნიჭიერი მშრომელი.  აღნიშნული მაშინვე აისახა შრომის ბაზარზე და ნათლად ჩანს 2005 წლის მონაცემებით. კერძოდ, 2005 წელს როდესაც ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხული ახალგაზრდების პირველი ტალღა პირველი კურსის სტუდენტების სტატუსით შევიდა შრომის ბაზარზე, განათლებაზე უკუგება გაიზარდა ორჯერ მეტად  (სულ რაღაც 1 წელიწადში 11%-დან 25%-მდე).  2005 წელს უმაღლეს სასწავლებლებში ეროვნული გამოცდების ჩაბარებით ჩარიცხულმა სტუდენტებმა სწავლა 2009 წელს დაამთავრეს და ბაკალავრის დიპლომით სრულფასოვნად შევიდნენ შრომის ბაზარზე, განათლებაზე უკუგება 2009 წელს, 11% -დან 48%-მდე, ე.ი.  თითქმის 5-ჯერ გაიზარდა.  ამის შემდეგ დღემდე ეს მაჩვენებელი დიდად აღარ შეცვლილა,  მცირე შუალედში მერყეობს და მნიშვნელოვნად ჩამორჩება განვითარებული ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელს. ეს იმიტომ ხდება, რომ საქართველოს შრომის ბაზარზე გაჩნდა სიგნალი და შესაბამისად შესაძლებლობა ნაკლებად ნიჭიერი და არა ნიჭიერი ადამიანების ერთმანეთისგან გარჩევის, რამაც დამსაქმებლებს საშუალება მისცა რესურსების ეფექტიანად გადანაწილებისა, მაგრამ ნიჭიერი ადამიანების გარჩევა დღესაც შეუძლებელია. საქართველოს შრომის ბაზარზე არ არსებობს სიგნალი, რომლითაც ნიჭიერი ადამიანები დაამტკიცებენ საკუთარ ნიჭიერებას და კომპანიებში გადანაწილდებიან შესაბამის პოზიციებზე.  საქართველოს შრომის ბაზარი დღეს ვერ ხედავს ნიჭიერ ადამიანებს, შესაბამისად ხელფასები აღწერს მხოლოდ საშუალო და დაბალი ტიპის მშრომელების პროდუქტიულობის განსხვავებას, და მაღალი ტიპის მშრომელების პროდუქტიულობა იკარგება გაერთიანებულ წონასწორობაში (“Pooling Equilibrium”).

   სტუდენტები, ვინც ვერ აბარებდნენ ეროვნულ გამოცდებს, 2005 წელს იდგნენ ორი არჩევანის წინაშე: პირველი იყო მომავალ წელს განმეორებით გამოცდაზე გასვლა, ან მეორე - პროფესიული სასწავლებელი. 2005 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები სავალდებულო მხოლოდ უმაღლეს სასწავლებლებში იყო, პროფესიული განათლების მისაღებად კი ამ გამოცდების ჩაბარება არ იყო საჭირო. 2007 წლამდე პროფესიულ განათლებაზე უკუგება უარყოფითია, ანუ, თუ ადამიანი ამ განათლების მიღებას გადაწყვეტდა, საშუალოდ მას ხელფასი გაზრდის ნაცვლად, პირიქით შეუმცირდებოდა. ამ ყველაფრის მიზეზი ის სიგნალია, რომელსაც პროფესიული განათლების მქონე შრომის მაძიებლები თავის დამსაქმებელს აწვდიდნენ. 2007 წლამდე პროფესიულ სასწავლებლებში ჩასარიცხად ეროვნული გამოცდების ჩაბარება არ იყო სავალდებულო და სტუდენტები, რომლების ამ გამოცდებს ვერ აბარებდნენ, სწავლას პროფესიულ სასწავლებლებში აგრძელებდნენ. დამსაქმებელი ინფორმირებული იყო განათლების სისტემის ამ სპეციფიკის შესახებ. შესაბამისად, როდესაც სამუშაოს მაძიებელი კომპანიას მიმართავდა და აჩვენებდა მას პროფესიული განათლების დიპლომს, ის  ავტომატურად, უნებლიეთ ეუბნებოდა დამსაქმებელს, რომ ის იყო  ყველაზე დაბალი ტიპი, რადგან ეს დიპლომი ნიშნავდა, რომ ინდივიდმა ვერ გაიარა ერთიანი ეროვნული გამოცდები. შესაბამისად შრომის ბაზარზე ის აღიქმებოდა, როგორც ძალიან არანიჭიერი მოთამაშე. 2007 წელს პროფესიულ სასწავლებლებში ჩასარიცხად, ასევე, სავალდებულო გახდა ეროვნული გამოცდების  ჩაბარება, რამაც ამ განათლების სიგნალი შეცვალა და ახლა უკვე პროფესიული განათლების დიპლომის მქონე ადამიანი ავტომატურად აღარ ითვლებოდა ყველაზე დაბალი ტიპის მშრომელად, შედეგებიდან ჩანს, რომ 2009 წელს პროფესიულ განათლებაზე უკუგება ხდება დადებითი, ანუ 2007 წელს ეროვნული გამოცდების გავლით ჩარიცხული ადამიანები 2009 წელს შევიდნენ შრომის ბაზარზე. შეცვლილი სიგნალის გამო ისინი აღარ განიხილებოდნენ როგორც დაბალი ტიპის მშრომელები, ანუ ნაკლებად ნიჭიერი ადამიანები. 

რუსეთის შრომის ბაზარი

   რუსეთის ბაზარზე როგორც გრაფიკი 4.1 გვაჩვენებს ბოლო წლებში განათლებაზე უკუგება მცირდება და მცირდება საგრძნობლად. გრაფიკიდან ჩანს რომ თუ 1998 - წელს რუსეთში განათლებაზე უკუგების მაჩვენებელი 53% - ს შეადგენდა, 2021 - წლისათვის ეს მაჩვენებელი თითქმის ორჯერ შემცირდა და 32% შეადგინა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ასევე განათლების სისტემის მიერ გაცემული სიგნალია. რუსეთის შემთხვევაში, სიგნალის ცვლილება უკავშირდება კორუფციის საკმაოდ მაღალ დონეს. ამ დროისათვის კორუფციის მიხედვით ქვეყნების რეიტინგში რუსეთი 129 ადგილს იკავებს და ჩამორჩება ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის კენია, გაბონი, ნიგერია და სხვა. მოწინავე ადგილებს კი ახალი ზელანდია, დანია, ფინეთი, შვეიცარია იკავებენ (transparency.org). როგორც ვხედავთ რუსეთში კორუფცია საკმაოდ მაღალია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, განათლების სიტემა ეტაპობრივად უნდა გადასულიყო ახალ, დანარჩენ ქვეყნებში მიღებულ ტიპზე. ამ ცვლილებას დასჭირდა დრო, მაგრამ განათლების სისტემის ცვლილების პარალელურად იცვლებოდა კორუფციის მაჩვენებელიც. მაღალი კორუფციის პირობებში, სადაც დიპლომის ყიდვა უბრალოდ ფულის სანაცვლოდ არის შესაძლებელი, რა თქმა უნდა იცვლება განათლების სისტემის როლიც შრომის ბაზარზე და მისი ფუნქციაც, როგორც სიგნალის გამშვების. სისტემატიურად მაღალი კორუფციის პირობებში დამსაქმებლები ადაპტირებას ახდენენ ახალ რეალობასთან, მათ იციან, რომ შრომის ბაზარზე არსებობს მშრომელთა ორი ტიპი, მასთან მოსულ სამსახურის მაძიებელი ამ ორიდან ნებისმიერ ტიპს შეიძლება მიეკუთვნებოდეს. აპლიკანტის ტიპის გარკვევის ერთადერთი საშუალება არის მისი დიპლომის, როგორც სიგნალის განხილვა. მაგრამ მაღალი კორუფციის პირობებში დიპლომი შეიძლება უბრალოდ ნაყიდი იყოს. ანუ რუსეთის განათლების სისტემას აქვს საქართველოს განათლების სისტემის ანალოგიური ჩავარდნა, ორივე ქვეყანაში განათლების მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს ძალიან იოლად (რუსეთის შემთხვევაში დიპლომის უბრალოდ ფულის სანაცვლოდ მოპოვება), შესაბამისად დამსაქმებელი ვეღარ ახდენს ნიჭიერი და არანიჭიერი ადამიანების ერთმანეთისაგან გარჩევას. შესაბამისად, მაღალი კორუფციის გამო რუსეთის ბაზარზეც ყალიბდება „Pooling Equilibrium”-ი, წონასწორობა, სადაც ნიჭიერი და ნაკლებად ნიჭიერი მშრომელები განიხილებიან ერთნაირად და იღებენ ერთნაირ ანაზღაურებას. რადგან რუსეთის განათლების სისტემის მიმართ ნდობა დამსაქმებლების მხრიდან ნელ-ნელა მცირდება, განათლებაზე უკუგებაც წლიდან წლამდე მცირდება და შედეგად ვიღებთ ზემოთ მოყვანილ გრაფიკი 4.1-ზე ნაჩვენებ მნიშვნელობებს სადაც განათლებაზე უკუგება ბოლო წლებში ორჯერ შემცირდა 1998 წელთან შედარებით. 

დასკვნა

კვლევამ შეამოწმა ჰიპოთეზა, რომ გარკვეული ფაქტორების გათვალისწინებით განათლებაზე უკუგება შეიძლება იყოს უარყოფითი ან ნულის ტოლი და ასევე ქონდეს კლებადი ტენდენცია. ასევე, განიხილა განათლების სისტემა, როგორც სიგნალის შემქმნელი. ორი ქვეყნის შრომის ბაზარის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ თუ განათლების სისტემა თავს ვერ ართმევს სიგნალის გაცემის ფუნქციას, შრომის ბაზარზე ხდება საბაზრო ჩავარდნა, რის შედეგადაც ვეღარ ხდება ადამიანების  ნიჭიერების ზუსტი გარჩევა, მცირდება განათლებაზე უკუგება და იკარგება მაღალი ტიპის მშრომელების პროდუქტიულობა, ქვეყანა კარგავს სამუშაო ძალის სწორ და ეფექტიანი დასაქმების უნარს. შედეგად, ამ პრობლემის მქონე ქვეყნები ვერ აღერხებენ განვითარებას, მრავალი წლის განმავლობაში რჩებიან განვითარებადი ქვეყნების სიაში და ასეთი ქვეყნების მოსახლეობას აქვს ღარიბი ქვეყნების ყველა არასასურველი მახასიათებელი. 

 გამოყენებული ლიტერატურა

  1. Ashenfelter, Y.  Orley, and Cecilia Rouse. (1998) “Income, Schooling, and Ability: Evidence from a New Sample of Identical Twins.
  2. Card, D.  (1994). Earnings, Schooling and Ability Revisited, Working Paper no. 4832, National Bureau of Economic Research, Cambridge, MA.
  3. hevalier, A.  C. Harmon, Y. Zhu (2004). Does Education Raise Productivity, or Just Reflects it?
  4. Dickson M.  2013. The Causal Effect of Education on Wages Revisited.
  5. Fleisher, Belton M., Klara Sabirianova, and Xiaojun Wang. 2005. “Returns to Skills and the Speed of Reforms: Evidence from Central and Eastern Europe, China, and Russia.” Journal of Comparative Economics 33(2): 351-70.
  6. Lang, K.(1993). Ability Bias, Discount Rate Bias and the Return to Education, Unpublished manuscript, Department of Economics, Boston University, Boston, MA.
  7. Mincer, J. A. (1974). Schooling, Experience and Earnings, Columbia University Press, New York.
  8. Salih, M.   Relation between Education, Cognitive Abilities and Wages in the Informal Sector in Greater Khartoum (Sudan).
  9. Becker, G. S. (1964). Human Capital: Atheoretical & Empirical Analysis with Special Reference to Education, Columbia University Press, New York.
  10. Blaug, M. 1992. The Methodology of Economics: Or How Economists Explain.
  11. Bowman, Mary. (1966).  “The human Investment Revolution in Economic Thought.”  Sociology of Education 39, no. 2.
  12. Brainerd, Elizabeth. 1998. “Winners and Losers in Russia’s Economic Transition.” American Economic Review 88(5): 1094-1116.
  13. Patrinos, H., Parandekar S., Melianova, E., Volgin A. (2020). Returns to Education in the Russian Federation: Some New Estimates.
  14. Clark, Andrew. 2003. “Returns to Human Capital Investment in a Transition Economy: The Case of Russia, 1994‐1998.” International Journal of Manpower 24(1): 11-30.
  15. Gorodnichenko, K.Peter. “Returns to schooling in Russia and Ukraine: A semi-parametric approach to Cross Country Comparative Analysis.” (2004).
  16. Griliches, Z. (1977). ‘Estimating the returns to schooling: some econometric problems, Econometrica,Vol. 45, pp. 1–22.
  17. Griliches, 1997. “Education, Human Capital, And Growth: A Personal Perspective.”  Journal of Labor Economics 15, no. The University of Chicago Press.
  18. Linares, R. 2015. An empirical examination of the relationship between wages and education.
  19. Vernon, Victoria. 2002. “Returns to Human Capital in Transitional Russia.” Department of Economics, The University of Texas at Austin.